ექსპორტის მენეჯერების მოსამზადებელი კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპორტის მენეჯერების მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
GAU წარმოგიდგენთ ახალ სასერტიფიკატო კურსს "სავაჭრო გარიგებების წარმოება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში" - ექსპორტის მენეჯერების მოსამზადებლად.

თუ ხარ მეწარმე და გსურს ბიზნესის გაფართოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გსურს განახორციელო ექსპორტი ევროკავშირში ეფექტიანად, აწარმოო სავაჭრო გარიგებები, ან თუ გაინტერესებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სხვადასხვა ასპექტი, ეს კურსი შენთვისაა!

კურსი განკუთვნილია ასევე, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროთი და ეკონომიკური სამართლით არიან დაინტერესებულნი. კურსი სპეციალიზდება ევროკავშირთან სავაჭრო გარიგებებზე, და კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ ევროკავშირთან სავაჭრო გარიგებების წარმოების პროცესში.

კურსის მიზანი : ფაქტია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰარმონიზაციის პროცესებმა საქართველო არაერთ სფეროში დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან. თუ ხარ მეწარმე და გსურს ბიზნესის გაფართოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან გსურს განახორციელო ექსპორტი ევროკავშირში, რადგან ასოცირების შესახებ შეთანხმება რეალურ საბაჟო შეღავათებს გთავაზობს, მაშინ დაგჭირდება გაეცნო იმ ცვლილებებს, რომლებიც შესაბამისად შეეხო ქართულ კანონმდებლობას. კურსი შესაძლებლობას იძლევა დაეუფლო ასევე იმ მიდგომებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ევროკავშირის ეკონომიკური აგენტები სავაჭრო კალკულაციებში; გაეცნო როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს კონკურენციული მოდელი ევროკავშირში და შესაბამისად როგორ უნდა წარიმართოს ინდივიდუალური სავაჭრო გარიგება.

კურსი გთავაზობთ ინტეგრირებულ მიდგომას და კომპლექსურად მოიცავს ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის მრავალმხრივ ასპექტებს. კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და რა შედეგები შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პროცესებმა სავაჭრო გარიგებებზე. ხოლო, ევროკავშირის ეკონომიკური სამართლის თემატიკა დაეხმარება მსმენელებს საფუძვლიანად გააანალიზონ საკანონმდებლო ცვლილებათა კონკრეტული შედეგები ინდივიდუალურ სავაჭრო გარიგებაზე.

კურსი ასევე მოიცავს ვაჭრობის მოდელირების ტექნიკებს, რითაც მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს სათანადო მეთოდებს, რაც მას დაეხმარება ევროკავშირის შიდა ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ ოპერატორებთან სავაჭრო გარიგებებში, მოლაპარაკებების წარმოებისა და შემდგომ ეტაპებზე. ეს სფერო ოპტიმიზაციისა და მისგან გამომდინარე მოგების მაქსიმიზაციის ტექნიკებს მოიცავს. იგი გვაცნობს "თამაშის წესებს", რომლის ფარგლებშიც ეკონომიკურ ოპერატორს უკვე ხელი მიუწვდება ისარგებლოს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე უპირატესობებით.

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 4 კვირას, კვირაში ორი ლექცია, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი.

ლექტორები: თეონა მელითაური - საერთაშორისო და ევროპის სამართლის სპეციალისტი, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი სტრასბურგის რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - უშუალოდ მუშაობს ევროკავშირის სამართლთან ჰარმონიზაციის/ტრანსპოზიციის საკითხებზე.

თინა კბილაძე - საერთაშორისო და ევროპის სამართლის სპეციალისტი, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი სტრასბურგის რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტში. კომპანია EMTG-ის პარტნიორი, სამართლებრივი ექსპერტი ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებში.

** ევროპის სავაჭრო გარიგებების რეტროსპექტივა (ისტორიული ექსკურსი), ევროპული გაერთიანებებიდან ევროკავშირამდე/ევროკავშირის სამართლის წყაროები.
** საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შედარებითი ანალიზი/ სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაცია
** ევროკავშირის სამართალთან (EU acquis) კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, სტანდარტიზაცია და მათი შედეგები
** ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო პირობები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA)/ ევროკავშირში ეკონომიკურ აგენტებთან ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები და შედეგები
** ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი I, ანუ როგორ მოეპყრობიან თქვენს პროდუქტს ევროკავშირში ?
** ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი II, როგორ ვაწარმოოთ პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირში ფინალურ ეტაპზე? პრაქტიკული ქეისი
** ევროკავშირის საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტის შედარებითი ანალიზი (ვაჭრობის აქტუალური პრობლემატიკა)
** შეჯამება, ვორკშოპი

კურსის ღირებულება: 650 ₾
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის GAU-ს აქტიურ სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს მინ ერთი სასერტიფიკატო კურსი აქვს გავლილი.
კურსზე დასარეგისტრირებლად, შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე