სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობა
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი".

კურსი განკუთვნილია:

** როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირების, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
** კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე.

კურსის სტრუქტურა და შინაარსი:

კურსი შედგება: 2 თეორიული მოდულისაგან - სურსათის უვნებლობა (40 სთ), საინსპექციო კონტროლი (30 სთ), ორი შუალედური გამოკითხვა (1+1 სთ) და პრაქტიკა (15 სთ). საბოლოო გამოცდა (1 სთ);

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს:

** ცოდნას სურსათთან ასოცირებულ საფრთხეებზე; სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფ ძირითად საკანონმდებლო მოთხოვნებზე; სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორებზე; სურსათის ხარისხსა და ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურაზე; სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტულ დამაბინძურებლებზე და მათი წარმოებისა და გადამუშავების თავისებურებებზე; სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ უფლებამოსილებებზე; სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემებზე; სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს: მსმენელი შეძლებს მიღებული ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ, სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების, ასევე სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლისას განსახორციელებელი გამოკვლევებისა და შემოწმებების შესახებ გამოიყენოს პრაქტიკაში და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ოპერატორების საინსპექციო კონტროლი.
** შეფასებისა და დასკვნის უნარს: შეძლებს შეაფასოს სურსათის ბიზნეს ოპერატორის ფაქტიური მდგომარეობის დადგენილ ან ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამოიცნოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები და მათი გამომწვევი ფაქტორები, ბიზნეს-ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
** სწავლის უნარს: მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
** კომუნიკაციის უნარს: შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნეს-სუბიექტებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან; ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები:

სერტიფიკატის მინიჭება შესაძლებელი იქნება პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება მონაწილეთა შეფასების სისტემაში ასახული კომპონენტების მიხედვით 70%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კურსის მოცულობა: 87 საათი
კურსის ღირებულება: 300 ლარი
სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/hkxepkzqzvry-mma//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე