ესეების კონკურსი ლტოლვილთა სამართალში
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ესეების კონკურსი ლტოლვილთა სამართალში
მომწოდებელი: საქართველოს გაეროს ასოციაცია
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / განახლდა: 15 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), UNHCR-ის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტთა ესეების კონკურსს ლტოლვილთა სამართლის შესახებ.

კონკურსის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ლტოლვილთა/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მოთხოვნები:

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.
2. ნაშრომის თემა შეიძლება იყოს ლტოლვილთა სამართალთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მაგალითად:

** "არ გაძევების" პრინციპი და სახელმწიფოთა სუვერენული ინტერესები
** თავშესაფრის მაძიებლის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები
** სხვაობა ლტოლვილის სტატუსსა და საერთაშორისო დაცვის დამატებით ფორმებს შორის
** თავშესაფრის მაძიებელთა დაკავება
** მიმღები სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის ფარგლები ლტოლვილთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში
** ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის სამართლებრივი საფუძვლები
სტუდენტს შეუძლია თავად მოახდინოს ლტოლვილთა სამართალთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა თემის გამოვლენა და მისი მნიშვნელობის ნაშრომში წარმოჩენა. ნაშრომის შეფასების დროს ყურადღება მიექცევა ნაშრომის თემის აქტუალურობასა და სიახლეს, სამართლებრივ არგუმენტაციას, კვლევისა და აკადემიური წერის ხარისხს. ფინალურ ეტაპზე გასულ სტუდენტებს მოეთხოვებათ ღონისძიებასთან დაკავშირებული კონფერენციის ფარგლებში ნაშრომის შესახებ მოკლე პრეზენტაციის გაკეთება.

3. ნაშრომი უნდა პასუხობდეს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებულ აკადემიური წერის სტანდარტს. ნაშრომის ავტორის მიერ დაცული უნდა იყოს ციტირების ერთიანი სტილი.
4. ნაშრომის საორიენტაციო მოცულობა უნდა იყოს 1200-დან 2000 სიტყვამდე (სქოლიოს ჩათვლით); შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,15.
5. ნაშრომის ავტორმა თავფურცელზე უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი. ასევე ნაშრომის დასაწყისში ავტორმა უნდა გააკეთოს ჩანაწერი, რომ ნაშრომი დაწერილია მის მიერ და ადგილი არ აქვს პლაგიატს.

პრიზები:

I ადგილი: წიგნების მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი და ლტოლვილთა სამართლის შესახებ ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენაზე
II ადგილი: წიგნების მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერი და ლტოლვილთა სამართლის შესახებ ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენაზე
III ადგილი: წიგნების მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერი და ლტოლვილთა სამართლის შესახებ ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენაზე

დამატებითი ლიტერატურა (პრიზები) გადაეცემა კონკურსის იმ მონაწილეებს, რომელთა ნაშრომებიც დაიმსახურებს ჟიურის განსაკუთრებულ მოწონებას. ასევე განიხილება კონკურსის წარმატებული მონაწილეების საქართველოს გაეროს ასოციაციაში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა.

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 ნოემბერი.

ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: una@una.ge და სათაურში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ესეების კონკურსი ლტოლვილთა სამართალში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე