კონკურსი - 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი - 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
თანდართული ფაილი: 176061-Application-Form-2018.zip
ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის შესახებ

ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. გამარჯვებული საწარმოს შესახებ ინფორმაციას ევროპის ფონდი აქტიურად გაავრცელებს ფონდის საკომუნიკაციო არხებით.

კონკურსის ყველა მონაწილე, წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ მიიღებს დარგის ექსპერტების რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზების თაობაზე. გარდა ამისა, საწარმოების მიერ წარმოებული, ან ნავაჭრი სურსათის შერჩეულ ნიმუშებს წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ ჩაუტარდება ლაბორატორიული შემოწმება. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს, უკეთ იყვნენ მომზადებული სახელმწიფო კონტროლისათვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც ორგანიზებულად აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

შეფასების კრიტერიუმები:

კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილეთა საწარმოო პროცესებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად. კერძოდ, განაცხადების განხილვის საფუძველზე შერჩეულ საწარმოებთან შეთანხმების შემდეგ, ფონდის მიერ დაქირავებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები კონკურსის მონაწილე თითოეულ საწარმოს სამჯერ, გაუფრთხილებლად ეწვევიან საწარმოო პროცესების ადგილზე შესაფასებლად, საწარმოების მიერ წარმოებული/რეალიზებული პროდუქტის ნიმუშებს კი აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული საწარმოსა და ევროპის ფონდისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ ვალდებულებას აკისრებს პროცესის მონაწილე მხარეებს. სამი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოავლენს.


განაცხადის წარდგენის პროცედურები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. წერილის კონვერტზე, ან ელექტრონული გზავნილის საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.

კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება იგეგმება 2019 წლის გაზაფხულზე.

ევროპის ფონდის შესახებ:

ევროპის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამებით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემო მყოფთა ცხოვრება. ამ მისიის შესასრულებლად, ევროპის ფონდი ხელს უწყობს მოქალაქეებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორთან და მათთან დიალოგის საფუძველზე საზოგადოებისთვის დადებით ცვლილებს ახდენს. ფონდის წამყვანი პროგრამებია: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის, ევროპული ინტეგრაცია, ახალგაზრდული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა. მთლიანობაში ეს პროგრამები ხელს უწყობს ფონდის მისიის განხორციელებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების ჩართვას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში.
ევროპის ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ.გვერდს: http://epfound.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპის ფონდი, თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, პროგრამის თანაშემწე, ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე