კონკურსი სტუდენტთა კონფერენციისთვის აბსტრაქტების მიღებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სტუდენტთა კონფერენციისთვის აბსტრაქტების მიღებაზე
მომწოდებელი: IFES-საქართველო
გამოქვეყნდა: 8 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
ცხადდება აბსტრაქტების მიღება სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენციისთვის "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, "საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი" (IFES), "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" (CELA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მეექვსე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის თემაზე: "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში".

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განსაკუთრებით მათ, ვინც გადიან ან გაიარეს IFES-ის სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა".

კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:

** სამოქალაქო ჩართულობის გზები: ხმის მიცემიდან საზოგადოებრივ საქმიანობამდე;
** სამოქალაქო განათლება და მისი სწავლება;
** უმცირესობები: ინტეგრაცია თუ სეგმენტაცია;
** იდეოლოგიები და მათი აღქმა;
** ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და მათი აღქმა;
** ღია მმართველობა - ხელისუფლების შეზღუდვა;
** ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
** სოციალური კაპიტალი;
** ტრადიციული და სოციალური მედიის როლი;
** ასევე, განიხილება სხვა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული საკითხებიც.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2018 წლის 31 მაისამდე გამოგზავნოთ მოხსენების აბსტრაქტი (300-დან არაუმეტეს 500 სიტყვისა, Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით) თქვენი სახელისა და გვარის, უნივერსიტეტისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ljavakhishvili@ifes.org (სათაურში მიუთითეთ "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში"). დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული. შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2018 წლის 6 ივნისამდე. კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 16 ივნისს.

მეექვსე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ტარდება პროექტის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში" (SEP) ფარგლებში, რომელსაც ​ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

www.ifes.org // www.facebook.com/IFES.Geo
www.cela.ge // www.facebook.com/celageo/
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე