ტენდერი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA)
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA)
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 30 მაი / ბოლო ვადა: 31 ოქტ
თანდართული ფაილი: 142694-giz-tender.zip
პროექტის სახელწოდება: "დღის წესრიგი 2030 - რეგულირების ზეგავლენის შეფასების მოთხოვნები საქართველოში"
პროექტის N:14.2203.9.008.00
მომსახურების შესრულების ვადა: 07.2017-10.2017

რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელება დასაქმების მექანიზმის შესახებ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის "ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" ოფისი, პრეტენდენტებს, რომლებსაც აქვთ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (შემდგომში - RIA) განხორციელების გამოცდილება, იწვევს მონაწილეობის მისაღებად ტენდერში შემდეგი პირობებით:

ზოგადი მიმოხილვა:

უმუშევრობის დაძლევა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისევე როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დასაქმების მექანიზმის სამართლებრივი მოწესრიგება, იმ პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებად უნდა მივიჩნიოთ, რომელთა განხორციელებას საქართველოს ხელისუფლება გეგმავს. 2015 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფო მდგრადი განვითარების მიზნებზე შეთანხმდა. დღის წესრიგი 2030 მდგრადი განვითარების 17 მიზანს (SDGs) და 169 ამოცანას აერთიანებს. დღის წესრიგი 2030 არის ისტორიული მნიშვნელობის გლობალური შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ, ყოვლისმომცველ ჩარჩოდ მიიჩნევა. 2016 წელს საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ნიუ-იორკში გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმის (HLPF) ფარგლებში მდგრადი განვითარების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა და ამით გამოთქვა მზადყოფნა, მდგრადი განვითარების ეროვნული გეგმა შეუსაბამოს დღის წესრიგის 2030 მდგრადი განვითარების მიზნებს. დღის წესრიგის 2030 მე-8 მიზანია "სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის". ამ მიზნის მიღწევის სხვადასხვა გლობალური თუ ეროვნული ინდიკატორი არსებობს.

დასაქმების მექანიზმის, როგორც ახალი ინსტიტუტის სამართლებრივი მოწესრიგების პროცესის აქტუალური მდგომარეობა:

საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებისა და სამინისტროების წარმომადგენელთაგან, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიზანია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების შედეგად შეიმუშავოს დასაქმების მექანიზმის სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - დასაქმებისა და პროფესიული განათლების ტექნიკური დახმარების პროექტის მიერ, დასაქმების მექანიზმის სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით უკვე არის განხორციელებული მოცულობითი სამუშაოები. "დასაქმების სერვისების შესახებ" აქტის პროექტი, შემუშავდა და გადაეცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მასში განხილულია ისეთი საკითხები როგორიც: შრომის ბაზრის მონაწილეთა სამართლებრივი დეფინიცია, სტატუსის მატარებელთა მოთხოვნები, უმუშევრობის დაძლევისათვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები და სხვა. სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმებისა და პროფესიული განათლების ტექნიკური დახმარების პროექტის მიერ შემუშავებული აქტის პროექტი იქნება გამოყენებული ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის მიერ დასაქმების მექანიზმის სამართლებრივი მოწესრიგების საფუძვლად.

ტენდერის შინაარსი:

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამა "ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების ხელშეწყობა" საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად აცხადებს ტენდერს დასაქმების მექანიზმის შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელებაზე დღის წესრიგის 2030 მოთხოვნების გათვალისწინებით.

მთავრობის ნებისმიერი ეფექტური საკანონმდებლო და პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ სფეროს მოწესრიგებას, უნდა დაექვემდებაროს შესაძლო სოციალურ, ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვითი ასპექტების საფუძვლიან შესწავლა-ანალიზს. ევროკავშირის 2009 წლის დირექტივის მიხედვით "რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესი ამზადებს მტკიცებულებებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთათვის მათი პოლიტიკური ალტერნატივების უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ პოტენციური ზემოქმედების შეფასების საშუალებით". რეგულირების ზეგავლენის შეფასება, უნდა განხორციელდეს დღის წესრიგის 2030 ძირითად პრინციპებს მიხედვით, კერძოდ, (i) ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მდგრადობის სამ - გარემოსდაცვით, სოციალურსა და ეკონომიკურ განზომილებას აერთიანებს; (ii) არავინ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, მდგარდი განვითარების მიზნები უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის, ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლად ჯგუფებს, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა; (iii) ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა, რაც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოა ვალდებული განახორციელოს მდგრადი განვითარების მიზნები, არამედ თავად საზოგადოება, მისი ცალკეული ჯგუფები, მოქალაქეები თანაბრად უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში; (iv) ანგარიშვალდებულების პრინციპი უზრუნველყოფს პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვის შესაძლებლობას.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება არის დასაქმების მექანიზმის, როგორც ახალი ინსტრუმენტის სამართლებრივი მოწესრიგების წინა ეტაპი. სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების შეფასების შედეგად უნდა გამოვლინდეს დასაქმების სფეროს რეგულირების რამდენიმე ვარიანტი და ყველა ხარჯისა თუ სარგებელის ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს ყველაზე ეფექტური გზა, როგორც პრობლემის მოგვარების, ისე ახალი ინსტრუმენტის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებისათვის. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ე.წ. RIA პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს, აუცილებელია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების კვლევა და მათი გამოკითხვა, როგორც საჯარო სექტორის, იქნება ეს ცალკეული დარგობრივი სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები თუ სხვა, ისე კერძო სექტორის - არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო თუ კვლევითი დაწესებულებები, ბიზნეს ასოციაციების. ზემოაღნიშნული პროცესი უნდა წარიმართოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ხოლო მიღებული და დასკვნები აისახოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.

იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციების ზეგავლენის შეფასება არ არის დღეს მოქმედი საკანონმდებლო პროცესის სავალდებულო ნაწილი, პრეტენდენტებმა უნდა უზრუნველყონ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა RIA-ს განხორციელების პროცესში, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, როგორც კონკრეტულად დასაქმების მექანიზმის შეფასება-ანალიზის, ისე, ზოგადად, RIA-ს მეთოდოლოგიის სფეროში.

საბოლოო ჯამში, დასაქმების მექანიზმის შესახებ წინარე RIA-ს განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმების მექანიზმის შესახებ სრულყოფილი კანონპროექტის შემუშავებას.

ობიექტური და მოსალოდნელი მიწოდება:

პრეტენდენტი დასაქმების მექანიზმის შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის შემუშავებისას უნდა დაექვემდებაროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ქვემოთ მოცემულ მეთოდოლოგიას და შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

** რეგულირების ზეგავლენის შეფასება განახორციელოს დღის წესრიგი 2030 მოთხოვნების (მდგარდი განვითარების მიზნები, დღის წესრიგი 2030 პრინციპები), RIA-ს განხორციელების ე.წ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და "რეგულირების ზეგავლენის შეფასების საქართველოს ეროვნული ჩარჩოს თაობაზე რეკომენდაციები"-ს გათვალისწინებით;
** შეიმუშაოს და წარმოადგინოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების დეტალური გეგმა, სამუშაოს ჩატარების ცალკეული ეტაპებისა და ვადების მითითებით, ასევე სამუშაოს განხორციელების მთლიანი ბიუჯეტი. გარდა ამისა, პრეტენდენტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის განხორციელებისას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების თანამშრომელთაგან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართვას RIA-ს გახორციელების პროცესში და უზრუნველყოს ამ კუთხით მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარება;
** მოახდინოს მის მიერ განსახორციელებელი ქმედებების (ფუნქციების, ამოცანების) იდენტიფიცირება. გამოავლინოს ის ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხები თუ მიმართულებები, რომლებიც დასაქმების მექანიზმის, როგორც ახალი ინსტრუმენტის სამართლებრივი საფუძველის შექმნაში უნდა იქნას გათვალისწინებული (მაგ. კვალიფიკაციის ამაღლება, დასაქმებულთა შესაძლო ზრდის პერსპექტივები, ახალი ეკონომიკური დარგებისა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივები და სხვა.);
** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარმოადგინოს იმ შესაძლო ფინანსური ზეგავლენის, როგორც ხარჯების, ისე სარგებლის, ანალიზი, რომელსაც გამოიწვევს ახალი ინსტრუმენტის შექმნა;
** წარმოადგინოს ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი ასპექტების დეტალური ანალიზი და საკითხის რეგულირების განსხვავებული ვარიანტები, განსხვავებული სოციალურ, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების მითითებით;
** რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების პროცესში გაითვალისწინოს შემდეგი ინდიკატორები: დღის წესრიგის 2030 განხორციელების საქართველოს ეროვნული სახელმძღვანელო (ასეთის არსებობის შემთხევაში); სხვა შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას დღის წესრიგის 2030 მერვე მიზნის გლობალური ინდიკატორები. აგრეთვე ის საერთაშორისო კონვენციები თუ ხელშეკრულებები და ევროკავშირის ის დირექტივები, რომლებიც დასაქმების მექანიზმის, როგორც ინსტრუმენტისთვის არის მნიშვნელოვანი;
** რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტსა და საბიუჯეტო ოფისთან.
** გამართოს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ბიზნეს ასოციაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** განახორციელოს მონაცემთა შეგროვება და შეფასება;
** განახორციელოს ალტერნატიული წინადადებების ანალიზი, რაც გულისხმობს საკითხის რეგულირების ალტერნატიული შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური ზეგავლენების შეფასების მითითებით. გარდა ამისა, პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, დაასაბუთოს არჩეული ვარიანტის უპირატესობა სხვა შესაძლო ალტერნატივებთან შედარებით;
** წარმოადგინოს მონაცემები იმ პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე. უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტებს, რომლებიც RIA-ს განხორციელების პროცესში უზრუნველყოფენ დარგის სპეციალისტი, საერთაშორისო ექსპერტის (ექსპერტების) მონაწილეობის.

დამატებითი პირობები/მიწოდება:

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

** საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებისთვის (სამუშაო ჯგუფი), რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების პროცესში, სულ მცირე 4 (ოთხი) თემატური ტრენინგის ჩატარება;
** დასაქმების მექანიზმის შესახებ შუალედური ანგარიშის წარდგენა;
** დასაქმების მექანიზმზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა, საბოლოო ანგარიშის საჯარო კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაცია.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

გადახდის წესები:

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი მომსახურების საფასურს მიიღებს ქვემოთ ჩამოთვლილი შესრულების შესაბამისად:

** რეგულირების ზეგავლენის შეფასების დეტალური სამოქმედო გეგმა, შესაბამისი ბიუჯეტის, ვადებისა და მოქმედების ეტაპების მითითებით;
** რეგულირების ზეგავლენის შეფასების შუალედური ანგარიში;
** რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშისა და საჯარო კონფერენციის დასკვნითი ანგარიში.

დავალების შესრულების ხანგრძლივობა და შესრულების ადგილი:

რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების ადგილი არის საქართველო. რეგულირების ზეგავლენის შეფასება მომსახურების მიმწოდებელსა და მიმღებს შორის ხელშეკრულების დადებიდან უნდა განხორციელდეს 4 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 31 ოქტომბრისა.

დასაშვებობა და კვალიფიკაცია:

** საკონსულტაციო ფირმები;
** კვლევითი ინსტიტუტები;
** არასამთავრობო ორგანიზაციები;

მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** RIA-ს განხორციელების დასაბუთებული გამოცდილება, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების, იურიდიული და პოლიტიკური ანალიზის განხორციელების გამოცდილება;
** სამუშაო ჯგუფის წევრებს (პერსონალს) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე 6 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგობრივ სფეროებში, მათ შორის, სოციალური მეცნიერებების განხრით, როგორიცაა: ეკონომიკა, სოციოლოგია და პოლიტიკის ანალიზი;
** სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო დარგობრივი ექსპერტის მონაწილეობა;
** ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე წევრებით, რომელთაც აქვთ ძლიერი უნარ-ჩვევები. ასევე რეგულირების ზეგავლენის განხორციელების ეტაპების, საფეხურებისა და მეთოდოლოგიის შესახებ ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება (მაგ., მონაცემთა შეგროვება და დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციის მეთოდები).
** გამართულად და დასაბუთებულად წერისა და, შესაბამისად, ანგარიშის წარმოდგენის უნარ-ჩვევები, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

შეფასების კრიტერიუმი დგინდება თანდართული Excel ფაილში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე